სიახლეები
18.11.2013 - "ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო" გლობალური მეწარმეობის კვირეულის სპონსორია
18–24 ნოემბერს, საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო პროექტი ”გლობალური მეწარმეობის კვირეული” გაიმართება. უკვე მეორედ, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიები, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ და „ბია“ (ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო) ღონისძიების ოფიციალური სპონსორები არიან. 
"გლობალური მეწარმეობის კვირეული" საერთაშორისო პროექტია დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლის მიზანია დამწყები მეწარმეების სტიმულირება და ხელშეწყობა, კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების საშუალებით. გლობალურად, პროექტის ფარგლებში, ტარდება 35,000–ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 

18–24 ნოემბერის ჩათვლით, საქართველოში 15–მდე პარტნიორის მიერ დაგეგმილია 30-მდე აქტივობა თბილისის, აჭარის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებში. პროექტის პარტნიორების მიერ იგეგმება სხვადასხვა სახის სემინარების, ვორქშოფების, მასტერკლასების, სესიების, ფორმალური და არაფორმალური შეხვედრების ორგანიზება პოტენციური და არსებული ბიზნესებისთვის.

„ალიანს ჯგუფი“ კვირეულის სამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. გახსნითი ღონისძიების პანელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, ბ–ნი აიეტ კუკავა. 20 ნოემბერს, „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო“ დამსწრეებს წარუდგენს მის ახალ პროდუქტს, „ბიზნეს კატალოგს“. 23 ნოემბერს კი გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს იდეების კონკურსი ‘’Creative Business Cup’’, რომლის ჟიურიში მონაწილეობს „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“.